ახალი ამბები
"დავითობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისიდან გელათში ორი უფასო რეისი შესრულდება
FaceBook
8 თებრვალს "დავითობის " დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის მიმართულებით ორი ავტობუსი გავა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში წასვლის მსურველებისთვის რეისი 09:00-სთ და 09:30 სთ–ზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარედ, ბროსეს ქუჩიდან უფასოდ შესრულდება.

"დავითობა 2016"- თან დაკავშირებით ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებათა უმრავლესობა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

09:30 სთ–ზე ბალახვანში, ე.წ. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება, ხოლო 11 საათზე დავითის საფლავის პატივგება გელათში.

12:00 საათზე გაიმართება პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია "დავითის ეპოქა და თანამედროვეობა".

ასევე, 12:00 საათზე, ოპერის თეატრის ფოიეში ფოტო–კინო–მატიანეს მუზეუმის გამოფენა "დავითობა–გელათის სამონასტრო კომპლექსი 1870–2015 წლები" მოეწყობა.

პარალელურად, აქვე დაიწყება საქველმოქმედო ქორეოგრაფიული ფესტივალი "დავითობა".

12:30 სთ–ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაჩვენები იქნება ფილმი "გელათის აკადემია".

14:00 საათზე გაიმართება წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორის, ომარ ლანჩავას მონოგრაფიის "ქუთაისის არქეოლოგია" პრეზენტაცია.

16:00 სთ–ზე ოპერის თეატრში დაგეგმილია ტარიელ ხალხელაურის საღამო.

ოპერის თეატრში, საღამოს 18:00 საათზე, დავითობის დღესასწაულს დაასრულებს გალა–კონცერტი ქართული ესტრადისა და თეატრის მსახიობების მონაწილეობით.

Print