ახალი ამბები
პარლამენტთან "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს
FaceBook
არა რუსულ კანონს! - ამ სლოგანით უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები, ოპოზიციისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილი და ე.წ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტებს" აპროტესტებენ.

ისინი პარლამენტთან ბანერებით არიან მისულები და აცხადებენ, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს დააზიანებს.

აქციის პარალელურად, პარლამენტში ბიურის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მათ შორის "რუსული კანონპროექტის" კენჭისყრის საკითხს დაამტკიცებენ.

იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცეს ოპოზიციონერების ნაწილსაც.

საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

ფოტო: მედიაჩექკერი


Print