ახალი ამბები
"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს“ - შოთა არველაძე „რუსულ კანონზე“
FaceBook
"თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

იგი "რუსულ კანონს“ ეხმაურება და  ამბობს, რომ დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა.

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.



Print