ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - 6 მარტს, პარლამენტთან აქცია დაანონსდა
FaceBook
6 მარტს „რუსული კანონის“ მორიგი საკომიტეტო განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება.

მოქალაქეები, კანონპროექტის გასაპროტესტებლად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, დილის 09:00 საათზე შეიკრიბებიან.

„რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა შევაცილოთ სირცხვილის დერეფნით! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ გამოუვათ. მათ უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ისინი მშვიდი სინდისით ვერ ისეირნებენ! დავიწყოთ ორშაბათის დილა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად!

გელოდებით ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, დილის 9 საათზე. აქციაზე არ გვექნება სიტყვით გამოსვლები! გთხოვთ, აქციაზე წამომსვლელებმა თან იქონიოთ სასტვენები, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს!", - ნათქვამია განცხადებაში.

პროტესტის მიუხედავად, 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობის გარეთაც, სადაც სამართალდამცველებმა, ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის, 36 პირი დააკავეს.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ახლა იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

„რუსული კანონპროექტის“ თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.


Print