ახალი ამბები
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონპროექტის მიღება“- ფერმერთა ასოციაცია
FaceBook
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარლამენტში წარდგენილ „რუსულ კანონპროექტს“ განცხადებით ეხმიანება.
ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონის მიღება.

„მოგეხსენებათ, ამა წლის თებერვალში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა პარლამენტში ორი კანონის პროექტი დაარეგისტრირეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
აღნიშნულ კანონპროექტებს ძალიან მკაცრი შეფასება მოჰყვა საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლელი მეგობრების და დონორების მხრიდან (გაერო, ევროკავშირი, აშშ და სხვა). შეგახსენებთ, რომ ათეული წლებია, რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში (და არა მარტო) ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება არსებულ მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იქნება ეს ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფითა თუ თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის გზით. ამ სიკეთეებზე უარის თქმით, ამაო გახდება ის ძალისხმევა რაც წლების განმავლობაში დარგში მომუშავე უწყებებმა, მათ შორის სამთავრობომ, გაიღეს დარგის განვითარებისთვის, იმ რეფორმების ფარგლებში, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა უნდა იყოს.

ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით ფერმერთა სათათბიროს წევრი დარგობრივი ასოციაციები, გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 24 ორგანიზაცია აწერს: „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, "საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია", ,,საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია’’, ,,საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრი’’, ,,საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაცია“, ,,ორგანული აქვაკულტურის ასოციაცია ფორეჯი’’, "აგროდუო’’, „კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია“, ,,გაერთიანება ქართული ხორბალი’’, ,,საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია’’, ,,საქართველოს მერძევეობის ასოციაცია’’, ,,ასოციაცია ტყის პროდუქტი’’, ,,მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია’’, ,,მომავლის ფერმერი’’, ,,ხილ–კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაცია’’, ,,ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია’’, ,,ღვინის ოსტატები’’, “საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაცია”, “ექსპორტის განვითარების ასოციაცია“, " საქართველოს მეხილეობის ასოციაცია", " საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია“, "საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია", "საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია" და ,,საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია".

Print