ახალი ამბები
საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად, თბილისში, აქცია დაიგეგმა
FaceBook
„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია 6 მარტს გაიმართება.
გაფიცულთა სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეები 12:00 საათზე, ამჯერად, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

„კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულების მიერ დაწყებული გაფიცვა კვლავაც მტკიცედ დგას საკუთარი უფლებების დასაცავად აგებულ კარავში. ხელფასის მატების, სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებისთვის დაწყებული ეს ბრძოლა უძლებს დიდ წინაღობებს, ისეთს, როგორიცაა: დაშინების მცდელობა, დარბევა, უხელფასობა და რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობა. კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დასაქმებულთათვის მოთხოვნების შესრულების მაგივრად, მათი დისკრედიტაციის, ხელფასების შეწყვეტისა და დარბევის გზას ირჩევენ.

გაფიცულები გრძნობენ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, ამ ეტაპზე ისინი არამხოლოდ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმულირებისთვისაც იბრძვიან, მათი გამარჯვება ნიშნავს სხვადასხვა სამუშაო სივრცეში დასაქმებულთათვის იმედისა და დადებითი ცვლილებებისათვის ბრძოლის სურვილის გაღვიძებას, იმის დამტკიცებას რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

სხვისი ინტერესების მხარდაჭერა რთულ და არახელსაყრელ სიტუაციაში შეგნებული საზოგადოების მახასიათებელია. რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს ერთობა, საზოგადოების ფართო მხარდაჭერის გარეშე გამარჯვების მიღწევა გაძნელდება, სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ სოლიდარობისკენ, 6 მარტს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან -საირმელთა გაფიცვა თბილისში გაგრძელდება!“,- აღნიშნულია აქციის ანონსში.

აქციის ორგანიზატორი აგრო მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორია“.

საირმეში დღეს გაფიცვის მე-20 დღეა. კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხო შრომის პირობებსა და ხელფასის 30%-ით მომატებას ითხოვენ, ვინაიდან მათ, მიზერული თანხით, სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში უწევთ მუშაობა.
გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


ამავე თემაზე:


გაფიცვის მე-15 დღე საირმეში - დასაქმებულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ

"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში

"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ



Print