ახალი ამბები
"უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს "- გაერო "რუსულ კანონზე"
FaceBook
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ განცხადებით ეხმაურებიან.

მათი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო დააშორებს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს და უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციებსა და რეპუტაციაზე, მათ შორის, გაეროში.

"აქვე, გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, დაუშვებელი და მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების და დონორების ნებისმიერი ფორმით სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაზე, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ უამრავ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, საქართველოს ათასობით ახალგაზრდას აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას.

და ბოლოს, ვუერთდებით საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი შედეგები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს ქვეყნის წინსვლას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში:

2012-2013 – გიორგი ჭეხანი

2013-2014 – თორნიკე ზურაბაშვილი

2014-2015 – ლაშა შაყულაშვილი

️2015-2016 – მარიამ სიხარულიძე

2016-2017 – თათია დოლიძე

2017-2018 – გიორგი ტუმასიანი

2018-2019 – ლიკა ტორიკაშვილი

2019-2020 – ესმა გუმბერიძე

2021-2022 – ნინო გოგოხია

2022-2023 – დავით ესათია;

Print