ახალი ამბები
„უკან გადადგმული ნაბიჯი“- NATO „რუსულ“ კანონპროექტზე
FaceBook
NATO პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვით შეშფოთებულია.

ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს, რომელსაც აღნიშნულის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განუცხადეს.

NATO-ს განცხადებით, პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა უკან გადადგმული ნაბიჯია.

"NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს", - ნათქვამია ოფიციალურ პასუხში.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

Print