ახალი ამბები
„ვეტოს დავადებ“- სალომე ზურაბიშვილი "რუსულ კანონპროექტზე"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგია.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროექტი საქართველოს აშორებს ევროპას და მისი მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველ შემთხვევაში, ვეტოს დავადებ. მე არა მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

Print