ახალი ამბები
რას ამბობს ქუთაისის მერი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონზე
FaceBook
"ნებისმიერი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იყოს კანონმდებლობასთან თანხვედრაში “, - ასეთია ქუთაისის მერის შეფასება "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროეტზე.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან აღნიშნა. 

"მე კანონპროექტის შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი არის. უბრალოდ, ნებისმიერი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იყოს კანონმდებლობასთან თანხვედრაში. დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ“, -
განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა „მეგა ტვ“-თან.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორც არასმთავრობო ორგანიზაციის  ყოფილი თანამშრომელი  "გამოდის თუ არა ის ყოფილი აგენტი", ქუთაისის მერის პასუხია: „საიდან დაასკვენით ახლა ეს?“.

იოსებ ხახალეიშვილი ათეული წლების განმავლობაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მათ შორის, იყო 7 პროექტის კოორდინატორი, რომელიც საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსდებოდა.

ახალი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული კანონის ქართული ვერსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ ეს რუსული კანონია და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას, განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.



Print