ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებს ამორტიზებული შენობა-ნაგებობების შეკეთებისა თუ დემონტაჟის უფლება მიეცემათ
FaceBook
საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობების შეკეთებისა და აღდგენის პროექტი იწყება.

რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცემათ, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ანდა დემონტაჟის აუცილებელი ღონისძიებები, რომელი  ობიექტიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, ან  საფრთხის შემცველია. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

„შენობა-ნაგებობები არის სხვადასხვა ტიპის. არის, ასევე, ნანგრევებად ქცეული შენობები, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დასკვნებს. თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შენობა-ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს, განხორციელდება დემონტაჟი. რაც შეეხება ისეთ შენობა-ნაგებობას, რომელიც არ ექვემდებარება დემონტაჟს, მაგრამ საინტერესოა საპრივატიზაციო თვალსაზრისით, ის შეტანილი იქნება საპრივატიზაციო ნუსხაში. მანამდე კი ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი გარეგნული იერსახე შეესაბამებოდეს გარემოს და დაცული იყოს აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა გამოვლინდა, რომელიც მუნიციპალიტეტების იერსახეს ამახინჯებს და შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი დემონტაჟს საჭიროებს.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.







Print