ახალი ამბები
"არა პუტინის კანონს" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში
FaceBook
დღეს, პარლამენტში ონლაინ მედიის ნაწილმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტები.

"არა რუსულ კანონს";  „არა პუტინის კანონს";  „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" -  ამ ტრანსფარანტებით ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ და მმართველ გუნდს მოუწოდეს არ მიიღონ რუსული კანონი.

ადგილზე შეკრებილების თქმით, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტების ნაწილმა საშვების გაუქმების გამო შენობაში შესვლა ვერ შეძლო.

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია წინა კვირასაც გამართა.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - რიგით მეორე კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება.

პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატებია.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
Print