ახალი ამბები
"გამარჯვება უკრაინას, თავისუფლება რუსეთს" - ქუთაისში რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რუსეთის და  ბელორუსის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

„გამარჯვება უკრაინას, თავისუფლება რუსეთს“ - ამ სახელწოდების აქცია Free Russia Foundation-ის ეგიდით ჩატარდა მსოფლიოს ბევრ ქალაქში. 

აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია რა სისასტიკეები ჩაიდინა რუსეთმა უკრაინაში. მათი თქმით, ეს იყო განადგურების 365 დღე და ეს იყო რუსეთისთვის სირცხვილისა და შიშის 365 დღე.

"მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას სირცხვილი, რომელიც არ ეტევა საკუთარ საზღვრებში და ეძებს მოჩვენებით კმაყოფილებას ახალი ტერიტორიების მიტაცებაში. სირცხვილია ქვეყნისთვის, რომელიც უნდა ყოფილიყო რეგიონში მშვიდობის გარანტი, მაგრამ სამაგიეროდ გახდა აგრესორი, რომელმაც დაიწყო ომი. შიშისა და საშინელების წელი იმ რუსებისთვის, რომლებმაც გააცნობიერეს სიტუაცია და ახლა არ იციან როგორ იცხოვრონ ამასთან ერთად. 12 თვიანი პანიკა და გაქცევა რუსეთიდან, რომელმაც ათასობით მოქალაქეების გადაყლაპვა დაიწყო.  ვიკრიბებით ერთად, რათა გავიხსენოთ ომის მსხვერპლები, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის დამცველების მიმართ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს და მსოფლიოს, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. რომ უკრაინა გაიმარჯვებს. რომ რუსეთი თავისუფალი იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ჩვენ გამოვექეცით ომს, რადგან შეიძლება გაწვეულები ვყოფილიყავით უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ გადავწყვიტეთ ამას გავქცეოდით და გვეჩვენებინა მთელი  მსოფლიოსთვის, რომ ომის წინააღმდეგები ვართ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ისინი რუსეთის მომავალს პუტინის გარეშე ხედავენ.

"ყველა ველოდებით იმ მომენტს, როცა ის როგორც მინიმუმ ხელისუფლებაში არ იქნება. თუმცა საქმე მარტო პუტინში  არ არის. უნდა გადაეწყოს ყველა ინსტიტუცია და მუშაობა იქნება საჭირო საზოგადოების ცნობიერების შეცვლის კუთხით, როგორც ეს იყო გერმანიის  შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ დიდი საქმის გაკეთება მოგვიწევს", - აღნიშნა აქციის მონაწილე ევგენი საფონოვმა.  

24 თებერვალს ერთი წელი გავიდა სუვერენულ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
Print