ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური შეიძლება გაიზარდოს
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ადგილობრივებისთვის 2 ლარი ეღირება, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი - 10 ლარი.

ამის შესახებ ბაღის ხელმძღვანელმა თემურ ჩეჩელაშვილმა განმარტა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან არაპოპულარული სვლა, არ შეიძლება ბოტანიკურ ბაღში შესვლა ღირდეს ერთი ლარი. ევროპაში, მე ჯერ არ მინახავს 30-40 ევროზე ნაკლები იყოს სადმე შესვლა. ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნდა ღირდეს 2 ლარი ბოტანიკურ ბაღში შესვლა. ყოველდღე აქ ადამიანი არ დადის და თვეში ერთხელაც რომ მოვიდეს 2 ლარს გადაიხდის ამისთვის. უცხოელებისთვის კი უნდა გახდეს 10 ლარი. ეს მათთვის გამოდის დაახლოებით 3,5 ევრო.

ევროპაში თქვენ თუ ჩახვალთ და 3 ევროდ სადმე შეხვალთ, არაფერს აღარ ვიტყვი. მინდოდა იანვრიდან უკვე ყოფილიყო ეს ტარიფი, მაგრამ უნდა მომზადდეს ეს საკითხი, შეთანხმდეს ყველასთან, საკრებულომ უნდა მიიღოს ამის გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეს ცვლილება“, - განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, მანამდე ბაღი უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ მნახველს უღირდეს განსაზღვრული ტარიფის გადახდა.  

ამ დროსთვის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველასთვის 1 ლარი ღირს. 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელად თემურ ჩეჩელაშვილი, მეორედ, 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ზაზა რამინაშვილი იკავებდა.

თემურ ჩეჩელაშვილი ბოტანიკურ ბაღს 2016-2018 წლებშიც ხელმძღვანელობდა. 

Print