ახალი ამბები
„უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ,არამედ ჩვენს ომშიც იბრძვის“ - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
24 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე  უკრაინის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი "წინააღმდეგობის ერთი წელი" გაიმართა. 

აქციის მონაწილეებმა, ომის წლისთავზე, კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მოძმე უკრაინელ ხალხს.

აქციას აქტივისტებსა და სამოქალქო საზოგადოებასთან ერთად ქუთაისში მცხოვრები და ომის შემდეგ ჩამოსული უკრაინელებიც შემოუერთდნენ. აქციაში მონაწილეობდნენ რუსებიც. 

„დღეს აქ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ, რათა მხარი დავუჭიროთ მსოფლიოში ყველაზე მამაც ერს, უკრაინელებს. ერს, რომელსაც უყვარს საკუთარი მიწა და ყველაფერს გაიღებს მის დასაცავად. უკრაინა დღეს არა მხოლოდ საკუთარ,არამედ ჩვენს ომშიც იბრძვის. იმ ბოროტებისა და სიბნელის დამარცხება, რაც რუსეთს მოაქვს, მხოლოდ უკრაინისთვის არაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა აქციის მონაწილე, ჟურნალისტმა შორენა ლაღაძემ.

აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია "ქუთაისი დნიპროსთვის" გახლდათ.

"ერთი წელი გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში.   ამ აქციით უკრაინელებს ვუთხარით, რომ ქუთაისი მათ გევრდითაა. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. ჩვენ ვემიჯნებით ყველა ანტიუკრაინულ რიტორიკას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის და გვჯერა უკრაინის უპირობო გამარჯვების", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ. 

დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება თბილისში. თბილსიში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან 2022 წლის 24 თებერვალს დაიწო.

ომიდან ერთი წლის თავზე უკრაინამ ათასობით დაპყრობილი პუნქტი და ტერიტორია დაიბრუნა.
Print