ახალი ამბები
„საქართველოს მთავრობა უნდა ყოფილიყო დღეს კიევში“ - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის წლისთავისთვის მიძღვნილი განცხადება გააკეთა. 

გმირი უკრაინელი ერის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, რომელმაც უკრაინის მიმართ მისი პოზიციის გამო იზოლაციაში მოიქცია თავი.

"ამ მოცემულობაში არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური და დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.

საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი...

თბილისი, თავის მხრივ, მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი, საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილზე და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის ჩემი მზაობა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს კიევში წარმოდგენილი".

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მის მიერ გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია.
Print