ახალი ამბები
"easyJet-თან როგორც ქუთაისიდან, ისე თბილისიდან ფრენების დაწყებაზე ვსაუბრობთ"
FaceBook
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საქართველოს საავიაციო ბაზარს სწავლობს.

როგორ ქარქაშაძემ BMG-სთან განაცხადა, ავიაკომპანიასთან როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

“ლონდონი ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ავიაკომპანია საავიაციო ბაზრის ძალიან მსხვილი მოთამაშეა და მასთან სხვადასხვა მოდელზე ვსაუბრობთ. EasyJet-სთვის საფასო პოლიტიკა და ზოგადად მიმართულებები ძალიან სენსიტიურად განსახილველი საკითხებია. აქედან გამომდინარე, მასთან როგორც ქუთაისიდან, ისე თბილისიდან ფრენების დაწყებაზე ვსაუბრობთ. წინასწარ კონკრეტულად თქმა არ შემიძლია, რადგან ბაზრის კვლევის ეტაპზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ ვუზიარებთ მგზავრთნაკადისა და საფასო პოლიტიკის მონაცემებს. ანუ ყველა იმ მაჩვენებელს, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება.

ის, რომ ისინი უკვე ითხოვენ ამ მონაცემებს, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არიან. ყველა იმ ინფორმაციას შეაგროვებენ, რაც ანალიზისთვის სჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. ვიმეორებ, ძალიან კომპლექსური პროცესია და მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით არის დაინტერესებული",-განმარტა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი მაროკოს ქალაქ ტანჟერში ყოველწლიურ საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე - CONNECT2023 იმყოფება. რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

Print