ახალი ამბები
„დაწყებულია მიზეზების შესწავლა“ - ინფრასტრუქტურის მინისტრი მშენებარე ხიდის დაზიანებაზე
FaceBook
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მშენებარე ხიდის დაზიანებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაწყებულია და ამის შემდეგ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

„სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ ლოტზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია.

უკვე დაწყებულია მიზეზების შესწავლა, ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“, -
განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა. გზის ეს მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს) გაივლის.

სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ხიდი პირველი სტიქიისგან უკვე დაზიანდა.

Print