ახალი ამბები
თერჯოლის მერის კანდიდატად „ოცნებიდან“ მანუჩარ რობაქიძე წარადგინეს
FaceBook
„ქართულმა ოცნებამ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად  მანუჩარ რობაქიძე  დაასახელა.

აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავარიას ემსხვერპლა.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ახლა სწორედ მანუჩარ რობაქიძე ასრულებს. 

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მანუჩარი სპეციალობით ისტორიკოსია. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატურაც წარადგინა. 

ამ პოსტზე ლევან ზალკალიანი დასახელდა. კობახიძის თქმით, ლევანი წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურეა. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.

რაც შეეხება ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა.

„გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

Print