ახალი ამბები
TI - იმერეთის მუნიციპალიტეტები გამჭვირვალობის ხარისხს ვერ აკმაყოფილებენ
FaceBook
არსამთავრობო ორგანიზაცია "სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იმერეთის მუნციპალიტეტების ვებ გვერდების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, იმერეთის ვერც ერთი მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის სტანდარტს სრულად ვერ აკმაყოფილებს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ინფორმაცია მოსახლეობისთვის კვლავ ხელმიუწვდომელია.

"ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ყველა მუნიციპალიტეტს ავალდებულებს ინფორმაციის საჯაროობას. ამ ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას იმერეთის მუნიციპალიტეტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. უფრო მეტიც, გამოკვლეული 11 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 6 მათგანს (ბაღდათი, ვანი, ჭიათურა, ზესტაფონი, წყალტუბო, ხონი) აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების შესახებ. რამდენიმე რგოლის გავლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ სასურველი ინფორმაცია მიგვეღო," - ამბობს "სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, ანი სალდაძე.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მუნიციპალიტეტებდან, საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში, მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული.

"სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ერთ-ერთ მნიშვნლოვან პრობლემად მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე ცხელი ხაზის არარსებობას ასახელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ხშირ შემთხვევაში ვებ-გვერდებზე ცხელი ხაზის ნომერი საერთოდ არ არის მითითებული, ზოგ შემთხვევაში კი ვალდებულების შესრულებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან ცხელი ხაზის ნომერი არ ფუნქციონირებს.


Print