ახალი ამბები
ცაგერში კლდე ჩამოიშალა - მოყოლილია ერთი ადამიანი
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მთის მასა და ლოდები ჩამოიშალა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანა და მძღოლია მოყოლილი.

„ძლიერი თოვის შედეგად ჩამოიშალა ცაგერი-ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. დაახლოებით 60-70 მეტრია გზაზე ჩამოსული მთის მასა და ლოდები. მოყოლილია მანქანა, სავარაუდოდ ერთი მძღოლია მხოლოდ. ამ ეტაპისთვის ეს შეგვიძლია დავადასტუროთ“,
- განმარტა პაპუნა მარგველიძემ.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ ამბროლაურის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც შექმნა სხვადასხვა სახის პრობლემა. მუნიციპალიტეტების გარკვეულ სოფლებში გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. პრობლემების აღმოსაფხვრელად, დილიდან, ორივე მიმართულებით, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.


Print