ახალი ამბები
"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში
FaceBook
„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.

დასაქმებულების მოთხოვნები უცვლელია: უსაფრთხო შრომის პირობები და ხელფასის 30%-ით მატება, თუმცა ქარხნის ადმინისტრაცია არათუ მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არამედ თანამშრომლებს კუთვნილ ანაზღაურებასაც არ ურიცხავს.

როგორც აგრო მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის  "ლაბორი"  ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე განმარტავს, დასაქმებულებს ხელფასი, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, 17 თებერვალს უნდა მიეღოთ, თუმცა დღემდე არ ჩარიცხვიათ.

„უკვე რამდენიმე დღეა, დასაქმებულებს არ ჩარიცხვიათ ხელფასები. მათ გააჩნიათ საბანკო ვალდებულებები, ყოველდღიურად ეკისრებათ ჯარიმები. ზოგიერთ მათგანს გაზიც და დენიც ჩაუჭრეს. დამსაქმებელი არ ურიცხავს მათ თავიანთ ნაშრომს. ამით ცდილობენ გატეხოს ეს ადამიანები და იმ კაბალურ შეთანხმებებზე წამოიყვანონ, სადაც დამსაქმებელს აქვს და დასაქმებულს ფაქტობრივად არაფერი არ აქვს“, - განმარტავს გიორგი დიასამიძე.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები უკვე მეცხრე დღეა დიდთოვლობისა და ყინვის მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში საწარმოსთან იმყოფებიან და ღირსეული შრომითი გარემოსთვის იბრძვიან. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სამართლიან ანაზღაურებას დაკავშირებით, არ დააკმაყოფილებს.

„მე აქ უკვე მეხუთე წელია ვმუშაობ და გამოუვალი მდგომარეობაა. დანადგარები გაუმართავია, ჰიგიენა დაცული არ არის. ტაოტიანი ხელი ხომ უნდა დაიბანო? ცხელი წყალი არ გვაქვს, ცივ გაყინულ წყალს რომ დაისხამ ტაოტიან ხელზე იზილება სულ. გათბობაზე ზედმეტია ლაპარაკი. ან ამხელა საწარმოში საპირფარეშოს რომ კარები არ ექნება, სირცხვილი არაა? ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო. ჩვენ ვითხოვთ ხელფასების 30%-ით მომატებას და ელემენტარულ პირობებს. სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, გავაგრძელებთ პროტესტს“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული ზურა ჯაბიძე.

საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად 26 თებერვალს სოლიდარობის აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საირმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათზე, შეიკრიბებიან და გაფიცულებს თანადგომას გამოუცხადებენ.

საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიფიცნენ.

საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.


Print