ახალი ამბები
"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა
FaceBook
24 თებერვალს, "საირმე მინერალ ვოთერსის" გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად, სოლიდარობის აქცია გაიმართება.

მოქალაქეები, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საირმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათზე, შეიკრიბებიან და გაფიცულებს თანადგომას გამოუცხადებენ.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დასაქმებულები გაფიცულები არიან უვადოდ და უწყვეტად მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. მშრომელები ითხოვენ ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის. მთავარი პასუხისმგებლობა და არჩევანი ამ ვითარებაში საზოგადოებაზეა, რაც გამოიხატება ჩართულობასა და სოლიდარობაზე. დროა საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა სამართლიანი და თანასწორი გარემოსთვის ბრძოლაზე.

გვახსოვდეს, პროტესტის უგულვებელყოფა მოქალაქეების მხრიდან ხელსაყრელ პირობებს უქმნის უთანასწორობის გაღრმავებას, ამ შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ზრდის იმის ალბათობას, რომ ძლიერის მიერ დაიჩაგრება სუსტი. ამისთვის გავლენიანი და პრივილეგირებული ძალები ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ნიჰილიზმისა და უიმედობის ჩანერგვას საზოგადებაში. ასევე შეგახსენებთ, რომ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ფასეულობა მდგომარეობს სამოქალაქო სოლიდარობის მაღალ ხარისხში.

ჩვენ ვირჩევთ დემოკრატიას, ვდგავართ სიმართლის მხარეს და უფლებას არ ვაძლევთ „ძლიერს“, დაჩაგროს „სუსტი“. ამ მიზნით, ვიკრიბებით 24 თებერვალს, 14:00 საათზე, გაფიცულთა მხარდასაჭერად საირმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იკეტება ყველაფერი! რადგან ხელისუფლებას და დამსაქმებლებს არ ესმით ჩვენი ხმა, უფრო ხმამაღლა მივმართოთ!“,- აღნიშნულია „ლაბორის“ (აგრო მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი) ინფორმაციაში.

საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიფიცნენ. დასაქმებულები ამბობენ, რომ საწარმოში მუშაობა არასათანადო პირობებში უწევთ. ამიტომ, უსაფრთხო შრომის პირობებსა და ხელფასის 30%-ით მატებას ითხოვენ.

საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.


Print