ახალი ამბები
საჩხერეში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა იგეგმება
FaceBook
საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი აშენდება (Design-Build მეთოდით).

ამ მიზნით ქალაქის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვას (NAT230002858) აცხადებს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დეტალური პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა დაევალება, რისთვისაც 3 მილიონ 726 135 ლარია განსაზღვრული.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს სპორტული დარბაზის შენობის დეტალური პროექტი და აწარმოოს სამშენებლო-სამონტაჟო, გაშვება-გამართვის სამუშაოები.

კერძოდ, სპორტდარბაზის შენობა და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს: დარბაზი N1 - N2, ფოიე რეგისტრატურა, დირექტორისა და ექიმის კაბინეტი; პერსონალის, სერვერის, სამორიგეო დაცვის, ტექნიკური, ქალთა და მამაკაცთა მწვრთნელების ოთახები; საწყობი N1 და N2 ინვენტარისათვის; ქალთა, მამაკაცთა, შშმ პირთა და მწვრთნელების სანკვანძები; ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ამასთან, უნდა მოეწყოს ტრიბუნები არაუმეტეს 150-200 ადგილზე.

„პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, გათბობის, ვენტილაციის და განათების სისტემების ენერგოდამზოგ გადაწყვეტებს. გადახურვის და კედლის თბოიზოლაცია - შემოთავაზებული უნდა იქნას კლიმატური პირობების შესაბამისად. პროექტების შედგენისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს შშმ პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.

მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება. გამოყენებული მასალები უნდა იყოს პრაქტიკული, მარტივად დასამუშავებელი, ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლგამძლე. კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა(ები) უნდა აკმაყოფილებდეს სიმტკიცისა და მდგრადობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას“, - აღნიშნულია ტექნიკურ მოთხოვნებში.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ დავალებასთან ერთად დოკუმენტაციას თანდართული აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი (არქიტექტურული პროექტი), რომელიც წარმოადგენს ნიმუშს და მასში მოცემული მონაცემების გამოყენებით შესაძლებელია ხელი შეეწყოს მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

პირველი ეტაპის სამუშაოების მიწოდების ვადა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული (თანხით არანაკლებ 1 900 000 ლარი, საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების ჩათვლით) ხოლო მეორე ეტაპის - 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული.

წინადადების მიღება 25 თებერვალს იწყება და 2 მარტს მთავრდება.


Print