ახალი ამბები
„შემოთავაზებული კანონი გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა“ - ნედ პრაისი
FaceBook
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს – "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა.

"გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]," - აღნიშნავს ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

საუბარია ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალას"  მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელსაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქვია. 

თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომელიც "ხალხის ძალამ", საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა შეიმუშავა საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევთ.  


Print