ახალი ამბები
გოგი წულაიას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
FaceBook
სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მათი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო“, -  აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გოგი წულაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წულაია 2021 წლის მარტში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა 4 თვით მიუსაჯეს. ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირველ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გოგი წულაიას ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, "ხელისუფლება წულაიას პოლიტიკურ დევნას განაგრძობს". დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
Print