ახალი ამბები
"მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ, რომ გადავარჩინოთ გელათი"
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის გელათის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტები საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 13 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გელათი არის საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლო. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი სვეტიცხოველთან ერთად არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სწორედ გელათი და სვეტიცხოველი არის მსოფლიოს ისტორიულ რუკაზე საქართველო.

ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება, გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო
გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია -„ჯალა-თეა”. შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, გვიწევს ამ ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზების შესახებ, რომ ჩვენ მზად ვართ გელათთან დაკავშირებით მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, უზრუნველვყოთ ეს მათ შორის ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა „ჯალა-თეამ”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან კულტურის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც წულუკიანის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

„მოვუწოდებ, მათ შორის, კულტურის სამინისტროს იმ გმირ თანამშრომლებს, ვინც წერენ დასკვნებს კრიტიკულსა და სიმართლეს გელათის შესახებ, არ შეგეშინდეთ ჩემო ძვირფასებო, თქვენ გვერდით ვარ. იცით ჩვენი კონტაქტი, მისამართი, თითოეული თქვენგანის გვერდით დავდგები, მათთან, ვინც ხელს არ აწერს ქურდობას, კრიმინალობას, ჯალათობას და პირდაპირ და ღიად საუბრობთ გელათში განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, უნდა განვდევნოთ ჯალათები, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც გელათიდან. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ, იმისთვის რომ გადავარჩინოთ გელათი“,- განმარტა ლევან ხაბეიშვილმა.

ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრმა მოამზადა დასკვნა, რომელიც მკვეთრად უარყოფითად აფასებდა გელათში კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამუშაოებს.

დარგის სპეციალისტები და ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ იუნესკოს დასკვნაც სრულად თანხვედრაშია ჩუბინაშვილის ცენტრის მომზადებულ დოკუმენტთან და სამინისტრო ცდილობს გადაბრალების პოლიტიკით აიცილოს პასუხისმგებლობა გელათის საკითხზე.

ჩუბინაშვილის ცენტრში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მიერ იუნესკოს ანგარიში არსებითად არასწორადაა ინტერპრეტირებული.

Print