ახალი ამბები
ძლიერი თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის (კმ93-კმ107) მონაკვეთზეც (დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია).

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ამასთან, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე კი, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

სინოპტიკოსები 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში ძლიერ თოვას, ქარბუქს, ნისლს, საავტომობილო გზებზე ლიპყინულსა და ზვავსაშიშროებას პროგნოზირებენ.

Print