ახალი ამბები
პრომეთეს მღვიმის ტურისტულ ობიექტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
დაცული ტერიტორიების სააგენტო პრომეთეს მღვიმის ტურისტული ობიექტის რეაბილიტაციას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს [NAT230000410] აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 459 200 ლარია.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა.

კერძოდ, ობიექტის შესასვლელთან, პარკირების სივრცის მიმდებარედ არსებული წყალარინების არხზე, ვიზიტორთა უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მოეწყობა მეტალის ცხაური. ასევე მოეწყობა ახალი უჟანგავი ლითონის მასალის მოაჯირები, ახალი ლამპიონეტი და განათების სისტემა. განახლდება ეზოში არსებული ბუნებრივი ქვის ქვაფენილი და საპირფარეშოებში არსებული ფურნიტური.

ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვიზიტორთა ცენტრის შიდა ეზოს, ნავების შესანახი შენობის შიდა სივრცეებსა და ვიზიტორთა ცენტრის შენობაში სამუშაო სივრცეებს (სამუშაო ოთახები).

„სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას მაქსიმალური ყურადღება მიექცევა მასალათა ხარისხს და ვიზუალს, გამომდინარე იქიდან რომ სამუშაოები ხორციელდება დაცული ტერიტორიების სტატუსის მქონე ტურისტულ ობიექტზე, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივი და ბუნებრივი ფაქტურის/ვიზუალის მქონე მასალებს“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

პრომეთეს მღვიმის ტურისტული ობიექტი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მონახულებად ობიექტს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნობითა და განსხვავებული კონცეფციით.

ობიექტზე განთავსებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა და მღვიმე.

პრომეთეს მღვიმეს რეაბილიტაცია ბოლოს 2019 წელს ჩაუტარდა. 




Print