ახალი ამბები
სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად - TI
FaceBook
ხელისუფლებას არ აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა; უფრო მეტიც, ხშირად თავად გვევლინება ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებლად,
- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში „დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში - სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები“ არის  ნათქვამი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით,  აუცილებელია ხელისუფლებამ მზარდი დეზინფორმაციული საფრთხეების შესაბამისად სტრატეგიული დოკუმენტები განაახლოს, პოლიტიკური ნება გამოავლინოს და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ეფექტური იყოს.

"სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, რთულია ერთიანი სურათის დანახვა, რა გზებით იბრძვის ხელისუფლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში მათი ქმედებები ფორმალურია ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით.

სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტიანები რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მათი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.

ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში", - განმარტებულია კველვაში. 

ორგანიზაციში ხელისუფლების წარმომადგენლებს  რეკომენდაციას აძლევენ და განმარტავენ, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა ეკავოს და გაცხადებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით.

"სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა", - განმარტავენ  ორგანიზაციაში.










Print