ახალი ამბები
„მიწისძვრა კი არ კლავს, არამედ ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა“ - სეისმოლოგი
FaceBook
თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ფეისბუკ პოსტით ეხმაურება სეისმოლოგი თეა გოდოლაძე და აღნიშნავს, რომ სეისმურ რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობა-ნაგებობების აგების სწორი პოლიტიკა. 

"კადრების მიხედვით, ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან, ზოგი დანგრეულია, ზოგი არა. ეს არის მშენებლობის ხარისხი და ძალიან ვბრაზდები ამ დროს.

ახლა ვლაპარაკობდი ჩემ კოლეგებთან აქ, ამერიკაში! გადაწყვეტილების მიმღებებო, პოლიტიკოსებო! მე კი არ ვარ რთული საურთიერთობო ქალი, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს! სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები! ასეთი მიწისძვრები ხდება ამ რეგიონში და ასეთი შედეგი დგება, როდესაც შენობა და ინსფრასტრუქტურა არ ვარგა! მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!"- ამბობს თეა გოდოლაძე.



წარმოდგენილ რუკაზე სეისმოლოგი თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის თაობაზე გარკვეულ განმარტებებს აკეთებს.

"არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა. სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო. ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე", - ამბობს სეისმოლოგი. 

ქართველი სეისმოლოგბის ინფორმაციით,  საქართველოში მიწისძვრის სამი აქტიური კერაა.

სეისმურად აქტიურია რაჭა, კერძოდ ონი, სადაც ძლიერი მიწისძვრა 1991 წელს დაფიქსირდა, შემდეგ 2009 წელს. სეისმურად აქტიურია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ტერიტორია. კერძოდ მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ფიქსირდება ლაგოდეხსა და ყვარელში. მესამე აქტიური ზონაა ჯავახეთი. 

თურქეთში, სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი გაზიანტეპი.

მიწისძვრას 5 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათიათასობით ადამიანი. დანგრეულია ათასობით შენობა. 


Print