ახალი ამბები
3 381 დაღუპული - ერთკვირიანი გლოვა თურქეთში
FaceBook
თურქეთში, მიწისძვრის გამო  7 დღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ანადოლუს“ ინფორმაციით, რეგიონში, სადაც მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, 13.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

თურქული მედიის უკანასკნელი ცნობებით, თურქეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 3 381 ადამიანი დაიღუპა, 20 426 კი დაშავდა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით,  ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7 840 ადამიანი, დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 000 მოქალაქე. 

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ინფორმაციით,  7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.  შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.


Print