ახალი ამბები
"2023 წელს მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში მილიონ მგზავრს გადავაჭარბებთ"
FaceBook
საქართველოს აეროპორტები 2023 წელს, ჯამში, მინიმუმ 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„2022 წელს პანდემიის შემდეგ აღდგენის დინამიკა წინასწარ პროგნოზებს 1.5 - 2 წლით ასწრებს. 2023 წელს კი, ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ მგზავრს გადავაჭარბებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კარგი შედეგით მუშაობენ ის აეროპორტებიც, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ. მესტიის აეროპორტით მისი არსებობის მანძილზე 60 000-მდე მგზავრმა ისარგებლა, სადაც 2023 წელს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იგეგმება, როგორიცაა ტერმინალის რეაბილიტაცია და ა.შ.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, ფრენების რაოდენობა ქუთაისი-მესტიის მიმართულებით გავზარდოთ, აქ ძირითადი ინტერესი ტურისტების მხრიდანაა. ასევე, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება რამდენიმე მიმართულება დაემატოს შიდა ფრენებში, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევის პროცესში ვართ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

2022 წლის განმავლობაში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 3 220 რეისსა და 822 486 მგზავრის მოემსახურა.






Print