ახალი ამბები
არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონიმიკის, ფინანსთა და სოფლის მეურენობის მინისტრებს დავალებას აძლევს.
"მინდა სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით",  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ის გაძვირებული სურსათის პრობლემას შეეხო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც ასევე ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს.

ღარიბაშვილის შეფასებით, „ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება არ შეიძლება - ეს არის არასწორი საქციელი“.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მინდა საზოგადოებას პირველადი მოკვლევის შედეგი წარვუდგინო.

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე - მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი.

გვახსოვს, რომ ამხელა მოგებით მუშაობდნენ მედიკამენტების იმპორტიორები და ისიც გვახსოვს, თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც 60-80%-ით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი. ჯამში, ჩვენმა მოსახლეობამ 200 მილიონი ლარის ეკონომია გამოუვიდა. აქაც ვხედავ, რომ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება - ეს არის არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული პროცენტები და მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სურსათების გარდა, მთავრობის მეთაური საწვავზე გაზრდილ ფასსაც შეეხო და შესაბამისი სამისტროების ხელმღვანელებსაც ნავთობის იმპორტიორების დაბარების დავალება მისცა. 

"მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. აუცილებელია, ეს საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირდეს.

მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქე იმპორტიორები ხალხის მდგომარეობას გაითვალისწინებენ და ფასებს შამცირებენ. ამ საკითხს მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება, რათა ცდუნება არ გაჩნდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print