ახალი ამბები
"უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული“ - ღარიბაშვილი
FaceBook
„გასული წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. "უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული", - განაცხადა პრემიერმა. 

როგორც ღარიბაშვილი ირწმუნება, ლარის კურსი არის სტაბილური, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი.  მისი დაპირებით, მთავრობას ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება.

"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ორნიშნა ინფლაცია. გასულ წელს იყო პერიოდი, როდესაც ინფლაციამ მიაღწია 12 და 13%-ს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის გლობალური გამოწვევა, პრობლემა, რომელიც დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დროს, შემდეგ გაგრძელდა უკრაინის ომის შემდეგ. ამას ევროპაში ომიდან გამოწვეული ინფლაციაც დაარქვეს.

ჩვენ არ ვიქნებოდით გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იწყებს დასტაბილურებას. კერძოდ, 9,4%-ია უკვე მიმდინარე ინფლაცია, რაც შეიძლება ითქვას, რომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი ამოცანაა, რომ, მაქსიმალურად, კიდევ უფრო შევამციროთ ინფლაცია. მოგეხსენებათ, ფასები არის ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დღეს მსოფლიოს და ჩვენ ხალხს დღეს აწუხებს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული... ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.
Print