ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზი" წარმოებას სამი თვით აჩერებს
FaceBook
„ჯორჯიან მანგანეზი” წარმოებას დროებით აჩერებს.

კომპანიის წარმოების შემცირების მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკონ მანგანუმის ფასის მკვეთრად ვარდნაა დასახელებული.

დროებითი სამუშაო პერიოდის ვადად სამი თვეა განსაზღვრული. ამ ხნის მანძილზე კომპანია დასაქმებულებს ხელფასის მხოლოდ 60%-ს დაურიცხავს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ მაღაროში დასაქმებულები. ისინი ამბობენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუარესდება.

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს შიმშილის დაწყებას. ეს მაღაროები გვინახავდა, სხვა არაფერი არ მოდის ჩვენთან. ახლა წავა ხალხი ზოგი თბილისში, ზოგი უცხოეთში, მშიერ კაცს რა გააჩერებს. უფრო უარესად წავა საქმე. ზოგი ამბობს სამი თვე გაჩერდებაო, ზოგმა ჯერ არ ვიცით კიდევ რამდენ ხანს გაჩერდებაო, რა უნდა ვქნათ?“, - ამბობს ადგილობრივი.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ შეწყვიტა მუშაობის პროცესი 1-ლი თებერვლიდან. მაღაროები, შახტები, ქარხნები დახურულია. 60%-ზე მოგვაწერინეს ხელი, მხოლოდ ნაწილს აგვინაზღაურებენ“, - განმარტავს მაღაროელი კობა მღებროვი.

წარმოების დროებითი შემცირებიდან გამომდინარე, ჭიათურაში, კომპანიის საქმიანობაში გარკვეული ცვლილებები შედის.

„ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს დროებით სამუშაო პირობებს სთავაზობს:

„თანამშრომლებს, რომლებსაც წარმოების დროებითი შემცირების პერიოდში არ მოუწევთ სამუშაო ადგილზე გამოცხადება, ყოველთვიურად დაერიცხებათ ხელფასის 60%.
იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ავანსით სარგებლობს, დროებითი სამუშაო პერიოდის დასრულებამდე ავანსის პირობებით გათვალისწინებული თანხის გადახდა გადაუვადდება.
დროებით სამუშაო პერიოდში, კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს და მათივე ოჯახის წევრს, სრულად შეუნარჩუნდება სადაზღვევო პაკეტი.

„ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ კომპანიამ რაც შეიძლება დროულად გადალხოს ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისი“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print