ახალი ამბები
მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის მდგრადობას ახლა სწავლობს, როცა მის ირგვლივ საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ფასადის არამდგრადობისა და შესაბამისად, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა. ორი დღის წინ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა.

მერიის განცხადებით, თუ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟი, კედელს დაშლიან.

"პროექტის მიხედვით, გადაწყვეტილი იყო შენობის 3 კედლის შენარჩუნება, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა საშუალებას შენარჩუნებულიყო სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები. მოხდა კედლების დაშლა და ძირითადი ორნამენტების შენახვა. მაქსიმალურად ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ფასადი მაინც შენარჩუნებულიყო, გამოყენებული იქნა ახალი ტექნოლოგიები გამაგრებითი სამუშაოებისთვის.

ახლა ველოდებით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნას აღნიშნული კედლის მდგრადობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის მიხედვით აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟიც, მოხდება კედლის დაშლა (და არა დანგრევა), ხოლო ფასადის ახალ კედელში გამოყენებული იქნება ძველი ფასადის დეტალები და ორნამენტები, ისევე როგორც დანარჩენი ორი კედლისგან შენახული მასალებისა", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ოფიციალურ განცხადებამდე "ქუთაისიპოსტი" სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ართვინ ჯორჯიას" დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ფასადს გაამაგრებდნენ.

"კიდევ უფრო გავაძლიერეთ უსაფრთხოების ნორმები, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები და გაკეთდება ისე, რომ არც კედელი ჩამოინგრეს და ძველი იერსახე ჰქონდეს შენარჩუნებული", - განმარტავდა კომპანიის მენეჯერი ნათია სარალიძე.

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ მუზეუმის შენობის ადგილას ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

"ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული უსახური, მრავალი წლის განმავლობაში ამორტიზებული შენობა მალე სულ სხვა დატვირთვას შეიძენს. ახალი მულტიფუნქციური შენობა გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, კულტურული ღონისძიებების მასპინძლობის და ტურისტული დანიშნულების ადგილი",- აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა. შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. აქ წლების განმავლობაში მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.



Print