ახალი ამბები
2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მიმდინარე წელს, მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. 
ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

„2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი მომავალში საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ.

მასტერპლანის დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გამოვლინდება განვითარების სხვადასხვა სქემა, რომელმაც, შესაძლოა, აეროპორტის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქონიოს გავლენა. გენერალური განვითარების გეგმის არსებობის შემთხვევაში კი ცალსახად მოხდება აეროპორტის ინტერესების გათვალისწინება“, - ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია განხორციელდება, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.

Print