ახალი ამბები
სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მობინადრეები გაიყვანეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში, საიდანაც მობინადრეები ობიექტის დაზიანების გამო გაიყვანეს, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 
მერიის ინფორმაციით, სრულად განახლდება ძლიერი ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავი, შეკეთდება შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დააზიანა.

საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა.

„ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ 500 ლარს გადაუხდის ბინის ქირას. 12 ოჯახი, მათ მიერვე შერჩეულ ბინებში იცხოვრებს 1 თვის განმავლობაში, სანამ საცხოვრისის რეაბილიტაცია არ დასრულდება.
სოციალურ საცხოვრისში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდებიან“,- განმარტავენ მერიაში. 

საცხოვრისის მობინადრეები კი აქ დაბრუნებას არ აპირებენ. მათი თქმით, შენობის დაზიანება არა მხოლოდ ქარის, არამედ თავის დროზე ობიექტის ხარვეზებით მშენებლობის შედეგია. ისინი ალეტერნატიულ ფართს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

ქალაქში სოციალური საცხოვრისი 2018 წელს  აშენდა, სადაც 80-მდე  უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. ობიექტში, რომლის მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯა, ადამიანების შესახლებიდან რამდენიმე კვირაში ჭერი ჩამოინგრა. იმ დროიდან მოყოლებული, შენობაში სისტემატიურად ხან ჭერი ჩამოინგრა და ხანაც კედელი დაიბზარა, თუმცა აქ შესახლებული ადამიანებისთვის ყურადღება არც მაშინ მიუქცევიათ.

მობინადერეების "დასამშვიდებლად" და ობიექტის მდგრადობის დასაზუსტებლად ექსპერტიზაც ჩატარდა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ შენობა ნამდვილად ხარვეზებით იყო აშენებული. მაშინ საქმე მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ამ დასკვნას მერიის იმდროინდელი ადმინისტრაცია არ დაეთანხმა და დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

ფაქტია, რომ დაბზარულკედლებიან ობიექტში მობინადრეები დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას, ეს მაშინ, როცა ქუთაისის მერიას გამოკეტილი აქვს ახლადაშენებული კიდევ ერთი საცხოვრისი. 


ამავე თემაზე :


Print