ახალი ამბები
"ვითხოვთ აქედან გაყვანას" - ჩამონგრეული სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ხუთი წლის წინ აშენებული საცხოვრისის შენობიდან დაზიანების გამო მობინადრეები სასტუმროში გადაიყვანეს.

ხუთსართულიანი შენობის ორ სართულზე ჭერი ჩამოინგრა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, შემთხვევის გამო აუცილებელი გახდა მათი ობიექტიდან გაყვანა. 

"სტიქიის დროს ქარმა რომ გადახადა სახურავი, ტოლი ააცალეს და ისე დაასხეს ბეტონი. დაიბზარა კედლები, სიმძიმე რომ დააწვა და უფრო მეტად ჩამოვიდა წყალი. ჩვეულებრივად წვიმდა, როგორც გარეთ, ფიზიკურად ვერ გაჩერდებოდი აქ. ამიტომ მთელი მეხუთე სართული გადაიყვანეს სასტუმროში, მეოთხე სართულიდან კი - რამდენიმე ადამიანი“, - ამბობს მობინადრე თამარ რუხაძე.



ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, გვიან ღამით, მერიამ 15-მდე ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა.

„იქ კი ასე უთქვამთ, ორი დღით იყავითო. მერე სად წავლენ არ ვიცი, ორ დღეში გააკეთებენ ამას?“, - ამბობს საცხოვრისის ერთ-ერთი ბინადარი.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ  საცხოვრისში, ქარისგან დაზიანებული სახურავის შეკეთება დაწყებულია, თუმცა წვიმიანმა ამინდებმა ხელი შეუშალათ. 

„სახურავის აღდგენა მიმდინარეობდა ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისშიც, მაგრამ გუშინ გაწვიმდა და ჩვენ საცხოვრისის მობინადრეები დროებით გადავიყვანეთ სასტუმროში. როგორც კი დასრულდება საცხოვრისის სახურავის შეკეთება, მათ ისევ დავაბრუნებთ თავიანთ ბინებში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.




თუმცა, ობიექტში დაბრუნებას არ აპირებენ მობინდარეები, რომლებიც აცხადებენ, რომ შენობის დაზიანება არა მხოლოდ ქარის, არამედ თავის დროზე ხარვეზებით მშენებლობის შედეგია. ისინი ალეტერნატიულ ფართს ითხოვენ, რადგან არსებულ შენობაში ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 

"არ ვარგა ეს საცხოვრისი, არ გვჭირდება ეს კორპუსი საცხოვრებლად. ჩვენ არ ვითხოვთ მის შეკეთებას, ვითხოვთ აქედან გაყვანას. თუკი არ მოხდება ჩვენი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება, საპროტესტო აქციებს გავმართავთ", - განმარტავს ქორიძე იზოლდა.

ქალაქში სოციალური საცხოვრისი 2018 წელს  აშენდა, სადაც 80-მდე  უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. ობიექტში, რომლის მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯა, ადამიანების შესახლებიდან რამდენიმე კვირაში ჭერი ჩამოინგრა. იმ დროიდან მოყოლებული, შენობაში სისტემატიურად ხან ჭერი ჩამოინგრა და ხანაც კედელი დაიბზარა, თუმცა აქ შესახლებული ადამიანებისთვის ყურადღება არც მაშინ მიუქცევიათ.

მობინადერეების "დასამშვიდებლად" და ობიექტის მდგრადობის დასაზუსტებლად ექსპერტიზაც ჩატარდა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ შენობა ნამდვილად ხარვეზებით იყო აშენებული. მაშინ საქმე მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ამ დასკვნას მერიის იმდროინდელი ადმინისტრაცია არ დაეთანხმა და დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

ფაქტია, რომ დაბზარულკედლებიან ობიექტში მობინადრეები დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას, ეს მაშინ, როცა ქუთაისის მერიას გამოკეტილი აქვს ახლადაშენებული კიდევ ერთი საცხოვრისი.   






Print