ახალი ამბები
რატომ დატოვა თანამდებობა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა?!
FaceBook
მესხიშვილის თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. თეატრის დირექტორს  უფლებამოვალეობა შეუჩერდა. 
ინფორმაციას ადასტურებენ მესხიშვილის თეატრში.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ გადადგომის შესახებ თავად დაწერა განცხადება.

„ინფო იმერეთის“ ცნობით თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მოვალეობისთვის თავის ვერგართმევა სახელდება.

გამოცემა იმასაც მიუთითებს, რომ თავაძეს აიძულეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაეწერა.

თუმცა ამას არ ადასტურებს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი. 

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პრესაში, რომ თითქოს აიძულეს წასვლა და ა.შ. გიორგი თავაძემ საკუთარი ნებით დაწერა განცხადება. ადამიანმა ჩათვალა, რომ მისთვის რეჟისორობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელობა. უჭირდა სპექტაკლების დადგმა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს სამხატვრო ხელმძღვანელს. გამომდინარე აქედან მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინა რეჟისურაში. ამიტომ მიმართა ქალბატონ მინისტრს და დაუწერა ახსნა განმარტებითი წერილი“, - ამბობს თეატრის დირექტორი.

თავაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის გზით გასული წლის გაზაფხულზე დაინიშნა. 

ამ პოსტზე კანდიდატს ოთხი წლით ირჩევენ. 

უფლებამოვალეობა ავტომატურად შეჩერებული აქვს დირექტორ სულხან გოგოლაშვილსაც. 

„სამხატვრო ხელმძღვანელი, როდესაც მიდის ავტორმატურად უჩერდება უფლებამოვალეობა თეატრის დირექტორსაც. ახალი როდესაც დაინიშნება  მან შემდეგ ვინმე უნდა აირჩიოს. ან მე ან ვინმე სხვა“, - ამბობს გოგოლაშვილი.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მესხიშვილის თეატრში 28 იანვარს გამართულ პრემიერას დაესწრო. მინისტრის სტუმრობის შესახებ მედიას ინფორმაცია არ მიეწოდა.
Print