ახალი ამბები
ტენდერით არავინ დაინტერესდა - ხახანაშვილის ქუჩა ისევ მიტოვებულია
FaceBook
ქუთაისის მერიას ხახანაშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი [NAT220028933] ჩაუვარდა.

ქუჩის კეთილმოწყობაზე მეორედ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა.

მერიაში განმარტავენ, რომ ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერს მესამედაც გამოაცხადებენ.

ხახანაშვილზე ფილები დაახლოებით სამი თვეა აყრილია, რის გამოც, როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითთათვის გადაადგილება დისკომფორტს ქმნის.

ხსენებულ ქუჩაზე გზის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 2022 წლის დასაწყისში, ჯიბლაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გამოაცხადა. ტენდერის გზით, კომპანია "ონიქს როუდს" 504 803 ლარის სანაცვლოდ (ჯიბლაძის ქუჩა - 285 586 ლარი, ხახანაშვილის ქუჩა - 219 216) დაევალა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

თუმცა, მერიის მხრიდან პროექტის (რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს რემონტი) მუდმივი კორექტირების გამო განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ვერ განახორციელა. საბოლოოდ, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. მერიამ კომპანია დააჯარიმა, ხოლო ამის საპასუხოდ "ონიქს როუდმა" სასამართლოში იჩივლა.

ამავე თემაზე:

მერია, ხახანაშვილის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერს მეორედ აცხადდებს

ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიტოვებულია

დაჯარიმებული კომპანია და მიტოვებული სამუშაოები - ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების "რეაბილიტაცია"

მერია დაუზიანებელი გზის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს (ვიდეო)


Print