ახალი ამბები
საქართველო-აშშ-ის მიმართულებით ფრენები შესაძლოა, ივნისში დაიწყოს
FaceBook
„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“, - აღნიშნულის შესახებ „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი კოდუა BMG-სთან საუბრობს.


მისი თქმით, „ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია, თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.

''საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ“, - ამბობს კოდუა.

მისივე განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებებს პორტუგალიურ კომპანიასთან აწარმოებს, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.

„თუ ევროპის დროშის ქვეშ დავიწყებთ ოპერირებას, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ დაეკისრება. ეს უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ ევროპულ კომპანიასთან ფასებზე მოლაპარაკებები მიდის. ქართული დროშის ქვეშ ფრენების შემთხვევაში, ბილეთების ფასი 950 დოლარიდან 1000 დოლარამდე იქნება, ევროპული დროშის ქვეშ კი 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე. უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას ამ თანხის გადახდა'',- აცხადებს გიორგი კოდუა.

რაც შეეხება ფრენების განხორციელებას, „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი ორ ვარიანტზე საუბრობს: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი.

Print