ახალი ამბები
U21 ევროპის ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება 
FaceBook
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი.

როგორც ცნობილია, 2023 წელს 21-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ამ ჩემპიონატის ფარგლებში მატჩები გაიმართება ქუთაისშიც. ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი C ჯგუფის სამ მატჩს და მეოთხედფინალს უმასპინძელბს.

უწყების თქმით, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონეზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში.

უწყების თქმით, სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.

ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. A ჯგუფის დანარჩენ სამი მატჩსა და მეოთხედფინალს კი თბილისიში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი და ფინალური შეხვედრა ბათუმში "ბათუმი არენაზე" გაიმართება, ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი კი C ჯგუფის სამი მატჩს და მეოთხედფინალს უმასპინძელბს.




Print