ახალი ამბები
ქუთაისში, უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა
FaceBook
“ქუთაისი დნიპროსთვის!”- ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფში ის მოქალაქეები ერთიანდებიან, რომლებიც ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქის მაცხოვრებლების დასახმარებლად სურვილს გამოთქვამენ. 

“დნიპროს მერის გუშინდელ მიმართვას ქუთაისელების დიდი გამოხმაურება მოყვა. გაერთიანებული ძალებით შესაძლებელია დიდ საქმეებს გაბედულად შევეჭიდოთ. ბოროტებასთან მებრძოლი უკრაინელი გმირი ხალხი ჩვენგან დახმარებას ითხოვს. დნიპროს მერის ბორის ფილატოვის ქუთაისისადმი მიმართვა და დნიპრო-ქუთაისის წლების ურთიერთობა დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი ვალდებულებააცაა თითოეული ქუთაისელისათვის, მძიმე დროს გასაჭირში მყოფი მეგობარი გააძლიეროს.

საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც გეგმავს დნიპროს და ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთთანამშრომლობასაც, საჭიროებებიდან გამომდინარე დასახავს მოქმედების გეგმას. მჯერა, იდეების და რესურსების გაერთიანებით და გავაძლიერებთ სიკეთის ენერგიას. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე გამოთქვა მზაობა. ყველა ინფორმაციას მოგაწვდით და თქვენს წინადადებებსაც მივიღებთ. გავერთიანდეთ დნიპროსთვის! სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს!”, - ვკითხულობთ ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ დნიპროში მომხდარ ტრაგედიას ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა გარდა ქუთაისისა. "ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან", - განმარტა მან. 

14 იანვარს, დნიპროში, რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს (მათგან 14 ბავშვი).

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა ხარკოვი, ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ჰყავს.

დნიპროს მერის ინტერვიუს გუშინ ქუთაისის მერიაც გამოეხმაურა.


Print