ახალი ამბები
რას პასუხობს ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს მერს
FaceBook
„უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, სრულიად საქართველო და მათ შორის ქუთაისი, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს“.

ეს განმარტება გააკეთეს ჩვენთან საუბარში ქუთაისის მერიაში  უკრაინის ქალაქ დნიპროს მერის ბორის ფილატოვის „ფორმულასთან“ მიცემული ინტერვიუს საპასუხოდ.  ბორის ფილატოვიმ  განაცხადა, რომ დნიპროს ტრაგედიის შემდეგ ყველა მოძმე ქალაქი დაეხმარა გარდა ქუთაისისა.  

მერიაში კი ამბობენ, რომ  ქალაქში შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. მათი განმარტებით,  შეგროვებული თანხით შეძენილი იქნა ის პროდუქცია, რაც რეკომენდირებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას“, -  განგვიმარტეს  ქუთაისის მერიაში. 

თუმცა კონკრეტულად რას და როდის აპირებენ,  ან დნიპროს მიმართ რა ტიპის დახმარება იგეგმება ეს არ დაკონკრეტებიათ. 

14 იანვარს, დნიპროში რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 14 ბავშვი.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა ხარკოვი,​ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ყავს.
Print