ახალი ამბები
სტიქიით დაზარალებული ქუთაისის მოსახლეობისთვის გადასახურავი მასალების მიწოდება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადასახურავი მასალების მიწოდება დღეიდან დაიწყო.
4 დღიანი ძლიერი ქარის გამო ქალაქში 350-ზე მეტი შენობაა დაზიანებული.

"წინასწარი შეფასებით, 2 მილიონ ლარამდე ზარალი მოგვაყენა ძლიერმა ქარმა. 350-ზე მეტი შენობაა დაზიანებული, ძირითადად სახურავები. შევხვდი იმ კომპანიებს, რომლებიც დემონტაჟსა და მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ. დაიწყება მოსახლეობისათვის გადასახურავი მასალების მიწოდება. სამუშაოები სწრაფად და ხარისხიანად უნდა ჩავატაროთ, რათა უახლოეს დღეებში მოსალოდნელ სტიქიის მორიგ შემოტევასაც გავუმკლავდეთ",- განმარტავს ქალაქის  მერი იოსებ ხახალეიშვილი.

სტიქია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იყო, რამაც მოსახლეობა დააზარალა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

აღნიშნულ რეგიონებში სამი ათასამდე კერძო მოსახლის სახლია დაზიანებული, სამასამდე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და დაახლოებით 80-მდე მუნიციპალური თუ სახელმწიფო შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, მათ შორის არის 70-მდე სკოლა.

რაც შეეხება კერძოდ იმერეთს, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი, პირველადი მონაცემებით, 8 100 000 ლარს შეადგენს.

Print