ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ. კუნძულების რეაბილიტაცია და გამწვანების მოწყობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობის ე.წ. კუნძლებსა და გამყოფ "ზოლს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამასთან, გამწვანდება ტერიტორია.
ამ მიზნით მერია 200 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერს [NAT230001019] აცხადებს.

როგორც საპროექტო დოკუმენტაციაშია მითითებული, არსებული მდგომარეობით, ქუთაისში ნაკადმიმმათველი კუნძულები ძირითადად მოუწესრიგებელია, ბალახი ველურადაა ამოზრდილი და ვიზუალური თვალსაზრისით არ შეესაბამება განვითარებული ქალაქის იერსახეს.

„აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს და ქალაქს ევროპის მრავალი ქალაქიდან ეყოლება ტურისტები. ზემოაღნიშნული პროექტის მიხედვით ხდება ქალაქის 5 ლოკაციაზე ნაკადმიმმართველი კუნძულების რეაბილიტაცია და გამწვანების მოწყობა ქალაქის მერიასთან წინასწარ შეთანხმებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებით და რულონური გაზონით. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია წვეთოვანი და მფრქვევანა სარწყავი სისტემის მოწყობა“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოები შესრულდება:

1 გასამწვანებელი ტერიტორიის გასუფთავება, მიწის ზედაპირის მოსწორება
2 სარგავი ორმოების ამოღება ხეებისთვის (0,8X0,8X0,8) და 50 % ნოყიერი მიწის დამატება
3 სარგავი ორმოების ამოღება ბუჩქებისთვის (0,5X0,5X0,5) და 50 % ნოყიერი მიწის დამატება
4 მცენარეების დარგვა (საპროეტო ხეები: ზეთისხილი, მაგნოლია, ფოტინია; საპროექტო ბუჩქები: ფოტინია ,ბზა, ეონიმუსი სფეროს ფორმის,ეონიმუსი (ბორდიური)
5 სარწყავი სისტემის მოწყობა
6 ახლადდარგული მცენარეებისა და გაზონის მორწყვა

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, საავტომობილო მოძრაობის ე.წ. კუნძლებისა და გამყოფი "ზოლების"რეაბილიტაციისა და გამწვანების სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანი“-ს მიერ უკვე შედგენილია (მერიასთან 2022 წლის 15 აპრილს გაფორმებული N177 ხელშეკრულების (NAT220005850 ტენდერის ფარგლებში) და ტექნიკური დავალების საფუძველზე).

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღეა. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.

წინადადების მიღება 27 იანვარს იწყება და 30-ში დასრულდება.

შ. რუსთაველის ქუჩაზე არსებული კუნძულების გამწვანების ესკიზური პროექტი:







Print