ახალი ამბები
სტიქიის შედეგად ზარალი ქუთაისში 2 მილიონ ლარამდეა
FaceBook
ქუთაისში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად, წინასწარი შეფასებით, ზარალი 2 მილიონ ლარამდე აღწევს.
ძლიერმა ქარმა ქალაქში რიგი პრობლემები შექმნა. დააზიანა 350-ზე მეტი შენობა, გადახადა სახურავები. ჩამოგდებული სახურავით კი, თავის მხრივ, დაზიანდა კორპუსის ეზოში მდგარი ავტომობილები და ელექტროგადამცემი ბოძები.

მოსახლეობის დაწილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშე იყო დარჩენილი.

ქარმა თითქმის ყველა უბანში მოგლიჯა ხეები, რის გამოც გზების გარეკვეული მონაკვეთები გადაკეტილი იყო.

"ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული“ - ამბობს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

4 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქია იყო, რამაც მოსახლეობა დააზარალა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, სამ რეგიონში სამი ათასამდე კერძო მოსახლის სახლია დაზიანებული, სამასამდე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და დაახლოებით 80-მდე მუნიციპალური თუ სახელმწიფო შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, მათ შორის არის 70-მდე სკოლა. 

რაც შეეხება კერძოდ იმერეთს, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი, პირველადი მონაცემებით, 8 100 000 ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სკოლის შენობების აღდგენასთან დაკავშირებით. უკვე დაწყებულია ფინანსთა სამინისტროში თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები.


Print