ახალი ამბები
სტიქიის შედეგად ზარალი იმერეთში 8 მილიონზე მეტს აღწევს
FaceBook
იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი, პირველადი მონაცემებით, 8 100 000 ლარს შეადგენს.
ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს.

"იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად 1145 შენობა დაგვიზიანდა. პირველადი მონაცემებით ზარალი დათვლილი გვაქვს და შეადგენს 8 100 000 ლარს, თუმცა ზარალის რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიძლება ისევ გაიზარდოს. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მყისიერად რეაგირებს ამ მიმართულებით და ჩვენ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ გარკვეული მიმართულებით ზარალის ანაზღაურება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ის შენობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა არ იქნება დახურული“, - განმარტავს ზვიად შალამბერიძე.

4 დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქია იყო, რამაც მოსახლეობა დააზარალა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

ასევე,  სამ რეგიონში სამი ათასამდე კერძო მოსახლის სახლია დაზიანებული, სამასამდე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და დაახლოებით 80-მდე მუნიციპალური თუ სახელმწიფო შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, მათ შორის არის 70-მდე სკოლა. 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სკოლის შენობების აღდგენასთან დაკავშირებით. უკვე დაწყებულია ფინანსთა სამინისტროში თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით  შესაბამისი პროცედურები. 



Print